კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ნდტც - ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის ვებ-გვერდზე!  

ჩვენი გუნდი

ნდტც ტესტირება და დაპროექტება სათაურის ჩრდილი
არჩილ ყუბანეიშვილი
აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. "ცენტრის" დირექტორი
ა. ყუბანეიშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით. თავდაპირველად იგი მუშაობდა კავკასიაში და საქართველოში ხიდების მშენებლობაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკული ნაგებობების ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების, საკანდიტატო და, შემდგომ, სადოქტორო დისერტაციების დაცვის შემდეგ, იგი გახლდათ ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი და ბეტონისა და რკინაბეტონის განყოფილების გამგე. ამავე პერიოდში ა. ყუბანეიშვილი კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი არის სამოქალაქო, სამრეწველო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტების ექსპერტი. მის მიერ შექმნილია არაერთი ორიგინალური ელექტროენერგეტიკული ნაგებობების კონსტრუქცია (საკვამლე მილი, საყრდენი კედელი, ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები და სხვა). ა. ყუბანეიშვილი მონაწილეობს სამოქალაქო, სამრეწველო, ელექტროენერგეტიკული ნაგებობებისა და ავტობანის ხიდების მშენებლობის ხარისხისა და საიმედოობის უზრუნველყოფის სამუშაოებში. მას გამოქვეყნებული აქვს 115 სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს საკავშირო და საქართველოს 10 საავტორო მოწმობა, აშშ-ს, გერმანიისა და იაპონიის პატენტები. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში, სემინარში, კოლოკვიუმსა და გამოფენაში, გახლავთ მოსკოვის გამოფენის ვერცხლის მედალის მფლობელი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და “შრომის ვეტერანის” მედლით. ა. ყუბანეიშვილი გახლავთ “ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის” დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი.

ანა სარჯველაძე
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ა. სარჯველაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. იგი მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-მუშაკად. ამჟამად ცენტრში ანა დაკავებულია ჩატარებული ხარისხის კვლევის თეორიული საფუძვლების დადგენით. მისი მოღვაწეობის სფერო აგრეთვე მოიცავს მიღებული შედეგების სხვადასხვა ქვეყნის ნორმატიული დოკუმენტების საშუალებით შეფასებასა და მათი საიმედოობის დადგენას. ა. სარჯველაძე მონაწილეობდა ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს 3 სამეცნიერო პუბლიკაცია.

ალექსანდრე იურიატინი
აკადემიური დოქტორი. მთავარი სპეციალისტი და დირექტორის მოადგილე
ა. იურიატინმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით. იგი მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ “საქსახპროექტში”, მონაწილეობას იღებდა სამრეწველო საწარმოების რეკონსტრუქციისა და ახალი ობიექტების დაპროექტების საქმეში. საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკული ნაგებობების ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრებისა და დისერტაციის დაცვის შემდეგ, ა. იურიატინი ძირითადად მუშაობდა ენგურის, ჟინვალის, ლაჯანურის ჰესების გვირაბების მოსახვის ახალი კონსტრუქციების დამუშავებასა და მათ დანერგვაზე. უკანასკნელ წლებში იგი ძირითადად დაკავებულია ჰიდროტექნიკური, სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობების მშენებლობის საექსპერტო სამუშაოებით, კერძოდ, მათი ხარისხის კონტროლით. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო სტატია, ფლობს 3 საავტორო მოწმობას, მონაწილეობდა საკავშირო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების კონფერენციებსა და სემინარებში. ა. იურიატინი ამჟამად “ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის” მთავარი სპეციალისტი და დირექტორის მოადგილეა.

ზურაბ მენაღარიშვილი
აკადემიური დოქტორი. ხარისხის კონტროლის მენეჯერი
ზ. მენაღარიშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით. იგი მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის საპროექტო ინსტიტუტში, სადაც აგეგმარებდა მელიორაციული სისტემების მეურნეობებს. საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა ინსტიტუტში გადასვლის შემდეგ ზ. მენაღარიშვილი აწარმოებდა კვლევებს ენერგეტიკული კომპლექსის ნაგებობების სრულყოფასა და საიმედოობაზე. დისერტაციის დაცვის შემდეგ იგი მუშაობდა საქართველოს ავტობანის ქუთაისი-ზესტაფონი-სამტრედიის უბანზე ლაბორატორიის უფროსად და აკონტროლებდა სამუშაოთა წარმოების ხარისხს. გამოქვეყნებული აქვს 9 სამეცნიერო პუბლიკაცია. “ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრში” ზ. მენაღარიშვილს ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიცია უკავია.

ომარ სარალიძე
წამყვანი ინჟინერი
ო. სარალიძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. მისი სფერო შემოიფარგლება არა მარტო ექსპერიმენტალური კვლევების ჩატარებით, არამედ მიღებული შედეგების ინტერპრეტაციითა და მეცნიერული დასკვნების დამუშავებით. ”ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრში” ო. სარალიძე უშუალოდ მშენებლობის ადგილზე კურირებს საგამოცდო სამუშაოების ორგანიზებასა და კონსტრუქციების სიმტკიცისა და დეფორმაციულობის დადგენის საქმეს. ომარ სარალიძეს გამოქვეყნებული აქვს 3 სამეცნიერო სტატია.